განცხადებები

საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განხილვის გარეშე ტოვებენ

ამ დრომდე საოლქო საარჩევნო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვები მიმდინარეობს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვეს, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს.

საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად  დამკვირვებლების მხრიდან მინდობილობის წარუდგენლობას ასახელებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები ჩაინიშნა და სხდომაზე დაიბარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინდობილობები წარადგინეს, რითაც დასტურდებოდა, რომ არა მხოლოდ სხდომაზე, არამედ საჩივრის შეტანის მომენტშიც ჩვენი დამკვირვებლები ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ, საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული. მაგალითად, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმომადგენელი სხდომაზე დღეს 7 საათზე დაიბარა, ხოლო სხდომა უფრო ადრე გამართა და საჩივრის განუხილველობის შესახებ განკარგულება 1 საათით ადრე, 6 საათზე გაუგზავნა.  

გარდა ამისა, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ, რომლებმაც განიხილეს საჩივრები, არ დააკმაყოფილეს შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა. „სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში,  მათ შორის, სამგორის #97 უბანზე, სადაც  დიდი შეუსაბამობები გამოვლინდა ნამდვილ ბიულეტენებსა და შემაჯამებელ ოქმებში ასახულ მონაცემებს შორის.  

მოვუწოდებთ, საოლქო საარჩევნო კომისიებს, არ შექმნან ხელოვნური ბარიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. ასევე, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე.